ძმები კაკაბაძეების N7-ში არსებული შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა. შენობის მხატვრული ღირებულების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ნაწილია შიდა ეზოს, კუთხის-პირა, ხის ხვეული კიბე. მსგავსი ხის ხვეული კიბე თბილისში მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი, კერძოდ ერთი ბარნოვის ქუჩაზე (N23), ხოლო მეორე - ლერმონტოვის ქუჩაზე. თუმცა ეს უკანასკნელი შედარებით გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის. გარდა იმისა, რომ ეს ისტორიული ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს, მას მემორიალური მნიშვნელობაც აქვს. ამ შენობაში 1909-1971 წლებში, ცნობილი ქართველი მსახიობი - სერგო ზაქარიაძე ცხოვრობდა, ხოლო 1959 წელს, მისი მონაწილეობით გადაღებულ ქართულ კლასიკურ ფილმში „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ სწორედ ეს კიბეა გადაღებული, თბილისის სხვა რამდენიმე ღირსშესანიშნავ კიბესთან ერთად.


თბილისი დღითი დღე კარგავს ისტორიული ხასიათის მატარებელ ნიშნებს, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მსგავსი ძეგლების შენარჩუნებას. მიუხედავად მისი მხატვრულ-არქიტექტურული მნიშვნელობისა, კიბეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში უსახსრობისა და კონსტრუქციული ნაწილის სირთულის გამო სათანადო ყურადღება ვერ მიექცა, რის გამოც ის დანგრევის პირასაა. ასე რომ, ვდგავართ ორი საფრთხის წინაშე: 1- უმოქმედობით გამოწვეული ისტორიულ კულტურული ძეგლის დაკარგვის გარდაუვალობა; 2- კიბის ჩამონგრევის შემთხვევაში მაცხოვრებელთა დაზიანების შესაძლო რისკი.


ფოტომასალა © გიო სუმბაძე


„კიბის პროექტი“ მიზნად ისახავს ძმები კაკაბაძეების ქუჩა N7 - ში არსებული კიბის აღდგენა რესტავრაციას 2021 წლის ზაფხულისთვის. პროცესს გაუძღვება „კიბის პროექტის“ საინიციატივო ჯგუფი. ეს არის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით და ახალგაზრდა არქიტექტორებით დაკომპლექტებული გუნდი. პროექტის მიზანია პროექტში ჩართული იყოს რაც შეიძლება მეტი: მოხალისე, სტუდენტი, მოქალაქე, კომპანია და ა.შ. რათა მოხდეს საერთო მნიშვნელობის მატარებელი ძეგლის ერთობლივი ძალისხმევით აღდგენა. ხის ხვეული კიბის რეაბილიტაცია განხორციელდება საყოველთაოდ აღიარებული მეთოდოლოგიის, რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო სტუდენტებისა და მოხალისეების პროცესში ჩართვა საგანმანათლებლო მნიშვნელობას შესძენს პროექტს.





პროექტი ჩატარდება ევროპელ არქიტექტორ სტუდენტთა ასამბლეის ქართული წარმომადგენლობის, მაუდის და ICOMOS საქართველოს მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონსერვაციის მნიშვნელობისთვის ხაზის გასმას, არამედ თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების დემოკრატიული ჩართულობა, ქალაქის მოვლისა და ისტორიულ კულტურული ძეგლების შენარჩუნების პროცესში.

კიბის გადარჩენაში დასახმარებლად, გთხოვთ იხილოთ მხარდაჭერის გვერდი.





თბილისის მერიაში შეტანილი და 2021 წლის აგვისტოში დამტკიცებული პროექტის სრული დოკუმენტაცია:

ისტორიული კვლევა ფერთა კვლევა გეოლოგიური კვლევა ტოპოლოგიური კვლევა სტრუქტურული კვლევა არქიტექტურული ნახაზი პროექტის ვიზუალიზაცია პროექტის მეთოდოლოგია

ნახაზები შესრულებულია: ფრანჩესკა კროტტი, ლუკა ღუდუშაური, ტომას იბრაჰიმი, მარტინას კილიუსი, გივი მაჭავარიანი, ტურან ზიაიემერი. სტრუქტურული ინჟინერი: ბორის დგებუაძე. გეოლოგი: გურამ რუსტამოვი. ხელოვნებათმცოდნე: კრისტინე დარჩია. ქიმიური (ფერთა) კვლევის სპეციალისტი: ნუცა პაპიაშვილი. ტოპოგრაფიური მკვლევარი: ზაზა სამხარაძე.